• English
  • ქართული

სიახლეები

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და ზოგადი განათლების სექტორის აქტივობების მიმოხილვას დაეთმო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (IBRD)“ ფარგლებში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა 2 დეკემბერს, ონლაინ გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და ზოგადი განათლების საფეხურებზე მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების განხილვას. შეხვედრას განათლების სექტორში მოქმედი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სსიპ-ების წარმომადგენლები, ასევე I2Q  პროექტის გუნდის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების გახსნისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა საქართველოს განათლების სექტორის განვითარებაში დონორი ორგანიზაციების დამსახურებას აღნიშნა და განაცხადა, რომ პარტნიორი ორგანიზაციების რესურსების ეფექტიანად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის დროული გაზიარება და თანამშრომლობის პროცესის კოორდინირებულად წარმართვა.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც ხარისხიან განათლებასა და მმართველობის სისტემის გაუმჯობესებაზე არის ორიენტირებული. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრატეგიის შემუშავების პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა იყო გამოხატული.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ ისაუბრა მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ადამიანური კაპიტალის პროგრამის შესახებ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაში ჩადებული ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის.

I2Q პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ პროექტის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი და ზოგადი განათლების კომპონენტებში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრა. თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია (SDSURF) მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემდეგი ამოცანების შესრულებას: 1. ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავებას (კომპანია აქტიურად თანამშრომლობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან); ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მექანიზმების შემუშავებასა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან ინტეგრირებას; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მასწავლებელთა განახლებული სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებას და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და არსებული სასკოლო მზაობის პროგრამის განახლებას, რომელიც დაინერგება შერჩეულ 150 სამიზნე სკოლაში. სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურული ინფრასტრუქტურული გარემოს მოწესრიგებას სამინისტრო უზრუნველყოფს.

თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა ასევე აქტიურ ფაზაშია ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებშიც. ამ მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან (IBF International) თანამშრომლობა მიზნად ისახავს სამი კონკრეტული ამოცანის მიღწევას: 1. ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და სკოლის მენეჯმენტის განვითარება-გაძლიერებას; 2. მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების  დახვეწა განვითარების ხელშეწყობას და 3. ეროვნული შეფასების პოლიტიკის განსაზღვრა და დანერგვის ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში ასევე მუშავდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასქტუქტურის სტანდარტი, რომელიც გაითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და სასკოლო მზაობისა და დაწყებითი საფეხურის დაკავშირების ახალ კონცეფციას.

შეხვედრაზე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი ორგანიზაციის ფარგლებში ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და ზოგადი განათლების საფეხურებზე მიმდინარე პროექტებისა და აქტივობების შესახებ. მათ აღნიშნეს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. ამ მიზნით და სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი პლატფორმის დიზაინზე, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია საქართველოში, განათლების სფეროში მოქმედი ყველა დონორი ორგანიზაციის შესახებ, მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ანგარიშები, მიღწეული შედეგები თუ სამომავლო გეგმები. ღია პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შემუშავებული სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსი. პლატფორმა განათლების სექტორში მიღწეული პროგრესის შეფასების, ინვესტიციების საჭიროებების დაზუსტების და ახალი ერთობლივი პროექტების იდეების გენერირების ეფექტიანი მექანიზმი იქნება.

რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოსაყენებლად და საჭირო ინფორმაციის დროულად გაცვლის მიზნით დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრები კვლავ ჩატარდება.

გალერეა