• English
  • ქართული

სიახლეები

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო

I2Q პროექტის ფარგლებში ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი აქტივობები ხორციელდება. საკონსულტაციო კონსორციუმი – საერთაშორისო კომპანია IBF International-ის ხელმძღვანელობით, საქართველოს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას. სკოლის გაძლიერებასა და შეფასების სისტემის დახვეწასთან ერთად, საკონსულტაციო კომპანია ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება-გაძლიერების მიმართულებითაც მუშაობს.

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული მექანიზმების დანერგვასთან დაკავშირებით, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით, 5 დეკემბრიდან ტრენინგების ციკლი დაიწყო.

ტრენინგები მიზნად ისახავს ექსპერტთა მომზადებას ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად. ტრენინგ-მოდული მოიცავს ექსპერტული საქმიანობის განსახორციელებლად მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა თვითშეფასების ანალიზი, მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვება, ინტერვიუირების ტექნიკა, ექსპერტთა პროფესიული ეთიკის საკითხები, არგუმენტირებული დასკვნის წერა, დაწესებულებისათვის განმავითარებელი რეკომენდაციების შეთავაზება.

ტრენინგების ციკლი ინტერაქტიულია, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ისაუბრებენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებზედა რეალურ ქეისებს მიმოიხილავენ.

ტრენინგების ციკლს უძღვებიან IBF International-ის ექსპერტები, I2Q პროექტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. გადამზადდება ხარისხის უზრუნველყოფის 150-მდე ექსპერტი. ტრენინგების მეორე ციკლი დაგეგმილია 2023 წლის იანვარ-თებერვალში.

 

გალერეა