• English
  • ქართული

სიახლეები

ზოგად განათლებაში მიმდინარე აქტივობების მიმდინარეობის შეფასების მიზნით შეხვედრა გაიმართა

ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობების პროგრესის შეფასების მიზნით საერთაშორისო ექსპერტებმა ჯეფ ნოვაკმა (ინოვაციური პროგრამების ექსპერტი) და ჯეკ ნოლბრუკმა (მოსწავლეთა  შეფასების წამყვანი სპეციალისტი) პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ექსპერტმა ჯეფ ნოვაკმა ისაუბრა STEAM-ის ექსტრაკურიკულური სწავლებისთვის დამხმარე პროგრამების შემუშავების შესახებ. მან წარმოადგინა ხედვა და აშშ-სა და სხვა ქვეყნებში წარმატებით გამოცდილი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები. ასაკობრივი ჭრილისა და სწავლის შედეგების მაქსიმალურად გასათვალისწინებლად პრაქტიკები დაყოფილია ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით. ურთიერთშეთანხმებული თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის მიზნით შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი ექსპერტები.

ჯეფ ნოვაკმა ასევე წარმოადგინა თანამშრომლობის ელექტრონული პლატფორმა, რომელშიც აქტივობებში მონაწილე 200 სკოლა ჩაერთვება. 200-ვე სკოლას ექნება თავისი პროფილი და წვდომა პლატფორმაზე განთავსებულ პროგრამებზე, გაიდლაინებსა და სხვა საჭირო რესურსებზე. თანამშრომლობის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით სკოლები შეძლებენ მიიღონ და გაცვალონ  ინფორმაცია, პროგრამების განხორციელების პროცესში კი თვალყური ადევნონ დანერგვის მიმდინარეობასა და მიღებულ შედეგებს.

ჯეკ ნოლბრუკის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია შეეხებოდა სასკოლო განმავითარებელი შეფასების სისტემის შემდგომ დახვეწა-განვითარებას. ექსპერტმა ისაუბრა ზოგადი განთლების სისტემაში უკვე არსებული განმავითარებელი შეფასების სისტემის ძირითად ელემენტებზე და წარმოადგინა პირველადი რეკომენდაციები შეფასების სისტემის დასახვეწად. ინტერვენციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების მეთოდოლოგია. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების შეფასების სისტემას.