• English
  • ქართული

სიახლეები

სან დიეგოს კვლევითი ფონდის პროფესორმა ნენსი ფრაიმ NCEQE-ის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით 2022 წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს 1-ლ მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე. კონფერენციას ესწრებოდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები, აღმზრდელ-პედაგოგები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მიმოიხილა საერთაშორისო ექსპერტმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის პროფესორმა, გუნდის ხელმძღვანელმა ნენსი ფრაიმ.

ნენსი ფრაი და საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული მისი გუნდი, I2Q პროექტის ფარგლებში ადრეული განათლების სექტორში მუშაობს ოთხ ძირითად მიმართულებაზე: ხარისხის უზრუნველყოფა; ანგარიშგების სისტემა; აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული განვითარება; შესრულებაზე დამოკიდებული მზარდი სახელფასო პოლიტიკა და არსებული სასკოლო მზაობის პროგრამის გადახედვა და გაუმჯობესება.

პროფესორმა ნენსი ფრაიმ დეტალურად ისაუბრა აღმზრდელ-პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის შესახებ და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის მიგნებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები იქნება შემუშავებული.

ნენსი ფრაიმ დაინტერესებულ პირებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების და ანგარიშგების სისტემის დასახვეწად ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

გალერეა