CIF-ის საგრანტო კონკურსის განაცხადებს Agoge Partners LLC შეაფასებს
I2Q პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პირველი საგრანტო კონკურსი, რომლის სტრატეგიულ მიზანსაც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კერძო სექტორთან კავშირების გაძლიერება წარმოადგენს.
კონკურსის პრიორიტეტული თემებია: აკადემიური ხარისხის მინიჭების და/ან საერთაშორისო აკრედიტაციის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება; შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება; პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება; კერძო სექტორთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და სამეწარმეო განათლების განმავითარებელი პროექტები/პროგრამები.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოსულ განაცხადებს ღია ტენდერის გზით შერჩეული საკონსულტაციო კომპანიის Agoge Partners LLC (აშშ) მიერ შექმნილი ექსპერტთა კორპუსი შეაფასებს.
10 თებერვალს კომპანია Agoge Partners LLC-ის ხელმძღვანელს, ტეო ტეოჰარისსა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. მხარეებმა ისაუბრეს CIF-ის საგრანტო კონკურსსა და მიმდინარე შესაბამის სამუშაოებზე. ამ ეტაპზე კომპანია Agoge Partners LLC ფონდის ფარგლებში შემფასებელთა კორპუსს, CIF-ის მართვის სახელმძღვანელოს თანახმად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით/შემფასებლებით აკომპლექტებს.
CIF საგრანტო კონკურსზე განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 20 თებერვლის 23:59 საათამდე, ვებ პორტალზე: https://grants.gov.ge/.