• English
  • ქართული

სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები საქართველოს აპრილში ეწვევიან

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით I2Q პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები მეორე ფაზის სამუშაოებს ასრულებენ.

მეორე ფაზის ანგარიში მოიცავს სკოლამდელი განათლების მონაცემთა შეგროვების, სფეროს ანაზღაურების სტრუქტურის, აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების, დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების, საკანონმდებლო ელემენტების ანალიზის, ხელმისაწვდომი რესურსების, ბოლო რეფორმების გავლენისა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დიაგნოსტიკური კვლევის რეკომენდაციების სიღრმისეულ ანალიზსა და მასზე დაფუძნებულ სამოქმედო გეგმას.

I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი თამარ ჭყონია მუდმივ მონიტორინგს უწევს მიმდინარე სამუშაოებს. ინფორმაციის გაცვლის მიზნით მორიგი შეხვედრა 17 თებერვალს გაიმართა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტებმა და ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ანგარიშის შინაარსისა და მისი წარმოდგენის ვადების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლების ამ საფეხურის მარეგულირებელი საკანონმდებლო დოკუმენტების ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყო და რაც მათ საკანონმდებლო ელემენტების ანალიზის პროცესში დაეხმარებათ.

შეხვედრაზე ხარისხის უზრუნველყოფისა და მონაცემთა ანგარიშგების სპეციალისტმა, ტერესა ლინდმა დეტალურად განიხილა მონაცემთა ანგარიშგების ფუნქციონალი და მისი კავშირი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერების გეგმასთან.

დაინტერესებული მხარეების მოთხოვნათა ანალიზისა და მეორე ფაზის ანგარიშის სრულყოფის მიზნით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები აპრილის დასაწყისში სამუშაო ვიზიტით ესტუმრებიან საქართველოს, ხოლო მეორე ფაზის ანგარიშს აპრილის ბოლოს წარმოადგენენ.

გალერეა

გალერეა