• English
  • ქართული

სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ანგარიშგების სისტემა შეიქმნება

I2Q პროექტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სექტორში კომპლექსურ აქტივობებს ახორციელებენ. ერთ-ერთი მიმართულება ანგარიშგების სისტემის შემუშავებაა. სისტემა თავს მოუყრის მონაცემებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, აღსაზრდელების, აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების შესახებ. სისტემაში ასევე აისახება ინფორმაცია აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული ზრდისა და მათი სახელფასო სისტემის შესახებ.

ანგარიშგების სისტემის ფუნქციონალი მოიაზრებს ბაზაში შესაყვანი მონაცემების ტიპებს, შინაარსს, წყაროებს, შეგროვების სიხშირეს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხების განსახილველად პირველ თებერვალს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტს, ხარისხის უზრუნველყოფისა და მონაცემთა ანგარიშგების სპეციალისტს, ტერესა ლინდსა და I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელს, თამარ ჭყონიას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს ანგარიშგების სისტემის ფუნქციონალთან დაკავშირებით საზედამხედველო ჯგუფის* მიერ მიღებული უკუკავშირი. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს ფუნქციონალში საჭირო ცვლილებების ასახვის, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შეგროვების, ინფორმაციის შეყვანაზე პასუხისმგებელი პირის/პირების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

EMIS-ს განათლების სხვადასხვა საფეხურზე ანგარიშგების პლატფორმების შექმნისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ანგარიშგების სისტემა EMIS-ის ბაზაზე დაინერგება.

* საზედამხედველო ჯგუფი I2Q პროექტის მართვის გუნდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან შედგება. ჯგუფის წევრები არიან სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლები.