• English
  • ქართული

სიახლეები

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გრძელდება

ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, I2Q პროექტის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს მუშაობას კონსორციუმი საერთაშორისო კომპანია IBF International-ის ხელმძღვანელობით. სკოლის გაძლიერებასა და შეფასების სისტემის დახვეწასთან ერთად, საკონსულტაციო კომპანია ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება-გაძლიერების მიმართულებითაც მუშაობს. ამ მიზნით, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული მექანიზმების დანერგვასთან დაკავშირებით, ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით, IBF International-მა 2022 წლის 5 დეკემბრიდან ტრენინგების ციკლი დაიწყო.

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის  განვითარების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების განსახილველად 13 თებერვალს IBF International-ის ექსპერტებმა შეხვედრა გამართეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, ხარისხის მართვის საერთაშორისო ექსპერტი – რონ ტიტუსი, სკოლის მართვის და გაუმჯობესების საერთაშორისო ექსპერტი ლიგიტა გრიგულე, და შეფასების ექსპერტები – ნიუმან ბურდეტი და სარა შარატი, ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD) ზოგადი განათლების კომპონენტის  ხელმძღვანელი – ხატია ცირამუა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები. მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებაში 150-მდე ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საორიენტაციო შეხვედრებისა და ავტორიზაციის პროცესის პილოტირება პროექტის რამდენიმე სამიზნე სკოლაში. გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტების მუშაობა მიმართული იქნება სკოლის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებაზე. ამ მხრივ დაგეგმილია როგორც არსებული მექანიზმების გადახედვა-განახლება, ასევე სკოლის ხელმღვანელთა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები.

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს საკონსულტაციო კონსორციუმი ახორციელებს საერთაშორისო კომპანია IBF International ხელმძღვანელობით. კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა კორპუსის შესაძლებლობების გაძლიერების პირველი ეტაპი 2022 წლის დეკემბერში განახორციელა და მასში ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის 150 ექსპერტი იყო ჩართული.