• English
  • ქართული

სიახლეები

SDSURF აგრძელებს მუშაობას სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე

I2Q პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგთა ანაზღაურების პოლიტიკის განსაზღვრა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ამ მიმართულებით კომპლექსურ აქტივობებს ახორციელებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი. მრავალკომპონენტიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ფონდის ექსპერტები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში არსებულ ანაზღაურების სისტემას შეისწავლიან. მათი მიზანია, შეისწავლონ უშუალოდ სააღმზრდელო პროცესში ჩართული პერსონალის (აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე, ინკლუზიური განათლების სპეც.პედაგოგი, მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი) საბაზისო ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, დაფინასების წყაროები, პერსონალისთვის ხელფასის განსაზღვრის კრიტერიუმები, განაწილების პრინციპი და პრიორიტეტები და სხვ.

კვლევითი სამუშაოები 69 მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში ჩატარდება და მოიცავს სააგენტოების წარმომადგენლების, ბაღების დირექტორებისა და აღმზრდელ-პედაგოგების გამოკითხვას. კვლევას სან დიეგოს კონტრაქტორი კომპანია Analysis and Consulting Team (ACT) Global-ის მკვლევრები ჩაატარებენ. კვლევასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხის, მათ შორის სამიზნე აუდიტორიისა და კითხვარების შინაარსის განსახილველად კომპანია ACT Global-ის მკვლევრებთან 31 იანვარს ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

კვლევის შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება დაწესებულებებში დასაქმებასთან/დასაქმებულებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის (ზეგანაკვეთური შრომა, შესრულებული მოვალეობები, პროფესიული განვითარება და სხვ.) შესწავლა. კვლევის ფარგლებში ექსპერტები მოამზადებენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს. რეკომენდაციები შეეხება სახელფასო მინიმუმის განსაზღვრის მეთოდებსა და პროფესიული განვითარების შესაბამისი სახელფასო მინიმუმის განსაზღვრას.

 

გალერეა