• English
  • ქართული

სიახლეები

STEAM მიმართულებით ექსტრაკურიკულური პროგრამები შემუშავდება

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელ ხატია ცირამუასთან 21 თებერვალს სამუშაო შეხვედრა გამართა საერთაშორისო ექსპერტმა ჯეკ ნოვაკმა. ჯეკ ნოვაკი I2Q პროექტთან თანამშრომლობის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის ექსტრაკურიკულურ აქტივობებზე მუშაობს. აქტივობების მიზანი სკოლებში STEAM საგნების სწავლების გაძლიერებაა.

ჯეკ ნოვაკი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებზე დაფუძნებით წარმოადგენს პროგრამებს, რომლებიც შერჩეულ 200 სკოლაში გაივლის პილოტირებას. პროგრამების შეთავაზებისას გათვალისწინებული იქნება სწავლის საფეხურები, მოსწავლეების ასაკობრივი ზღვარი და მათი განსხვავებული ინტერესები.

საერთაშორისო ექსპერტი 200-ვე საპილოტე სკოლის პროფილს შეისწავლის. გაეცნობა მათ გამოცდილებებს, რესურსებს, აქტივობებსა და პროექტებს STEAM საგნებთან მიმართებით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული სკოლისთვის კონკრეტული პროგრამის შეთავაზების თაობაზე.

პილოტირებით მიღებული შედეგების გათვალისწინებით, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაინერგოს ექსტრაკურიკულური აქტივობები ეროვნულ დონეზე.