• English
  • ქართული

სიახლეები

ცხადდება CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში მეორე საგრანტო კონკურსი ცხადდება.

CIF-ის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზაციისა და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა. CIF-ის საგრანტო კონკურსის მეშვეობით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შესაძლებლობა ეძლევათ, განავითარონ კონკრეტული მიმართულებები ინოვაციური მიდგომების/პროექტების განხორციელების გზით.

CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსი ცხადდება „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ შემდეგი ფართო სფეროების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

ბ) ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

გ) ინჟინერია, წარმოება და  მშენებლობა;

დ) სოფლის  მეურნეობა,  მეტყევეობა,  მეთევზეობა,  ვეტერინარია;

ე) განათლება; ვ) ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა.

კონკურსის თემატიკა:

  1. სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინდუსტრიის/დამსაქმებლის საჭიროებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად, მათ შორის, საჯარო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობით, შექმნა/განვითარება/განხორციელება (ერთობლივი სწავლება/სტაჟირება ან/და სხვა ინიციატივები სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის, სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები);
  2. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით, ერთობლივი აკადემიური ხარისხის (მათ შორის, ე.წ. „ორმაგი ხარისხის“) მინიჭების და/ან საერთაშორისო აკრედიტაციის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება;
  3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობა, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით.

საგრანტო წინადადება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების (როგორც არსებული პროგრამების განვითარების, ასევე ახალი პროგრამების შექმნის)  კონტექსტში დასახული მიზნის სადემონსტრაციოდ უნდა ითვალისწინებდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებების კომბინაციას/ერთობლიობას (დასაშვებია სხვადასხვა კომბინაცია დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე):

  • სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომების შემოტანას, მათ შორის, აუდიტორიულ სწავლებაში ისეთი თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორიცაა პრობლემათა გადაჭრისა და პროექტზე დაფუძნებული სწავლება (Project-Based Learning), ასევე ელექტრონული სწავლების მეთოდების გაძლიერება;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსში სფეროს უახლესი ტენდენციების ასახვას;
  • თანამედროვე სამეცნიერო აღჭურვილობით ლაბორატორიებისა და ინფრასტუქტურის გაუმჯობესებას;
  • პრაქტიკული სამუშაოების/კომპონენტის გაძლიერებას და სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას;
  • შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერების მიზნით კურიკულუმის განვითარებაში შესაბამისი დამსაქმებლების ჩართვას;
  • საგანმანათლებლო სისტემაში, განსაკუთრებით სამეცნიერო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) დარგებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას მდედრობითი სქესის სტუდენტების STEM პროგრამებში მოსაზიდად.

მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

ა) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (ერთი აპლიკანტი);

ბ) კონსორციუმს, რომელიც შედგება მინიმუმ ორი ან მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან (აქედან მინიმუმ ერთი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება), რომლებიც პროექტის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ ბრძანება.

საკონკურსო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2023 წლის 28 სექტემბრიდან 2023 წლის 11 დეკემბრის  23:59 საათამდე, ვებპორტალზე  www.grants.gov.ge.

აპლიკანტებმა უნდა იხელმძღვანელონ ვებპორტალზე მოცემული საინფორმაციო და წარსადგენი დოკუმენტებით.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების წარმოდგენა შეგიძლიათ 2023 წლის 20 ნოემმბრის ჩათვლით  შემდეგ ელ. ფოსტაზე: cif@iiq.gov.ge. საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოსული კითხვები და პასუხების ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე: www.iiq.gov.ge.