• ქართული
  • English

სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციებისთვის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკა შემუშავდა

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში დღის წესრიგში დადგა მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას გულისხმობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ბევრი საბიუჯეტო ორგანიზაციაა (მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციებისთვის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის დოკუმენტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში შემუშავდა. საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებაზე დოკუმენტზე ტენდერით შერჩეულმა საკონსულტაციო კომპანიამ PMCG ერთ წლის განმავლობაში იმუშავა.

სამუშაო პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა. დოკუმენტი დაეფუძნა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაციების საქმიანობის სპეციფიკას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და დაშვებებს.

მომზადებული შიდა სააღრიცხვო პოლიტიკა ორგანიზაციებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს ბუღალტრულ აღრიცხვას, შეცდომის რისკის მაქსიმალურად შემცირებას, ასევე თითოეული საბალანსე ერთეულის ფინანსური ანგარიშგებისა და სამინისტროს ნაერთი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებას.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუღალტრული აღირცხვა და ფინანსური ანგარიშგება გულისხმობს პროგრამული ბიუჯეტის და ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსების მიზნობრივ გამოყენებასა და გამჭვირვალობის მაქსიმალურ ხარისხს. სააღრიცხვო პოლიტიკის თეორიული ასპექტებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე ტრენინგების სერიები ჩატარდა სამინისტროს უწყებას დაქვემდებარებული ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შესაბამისი წარმომადგენლებისთვის.