• ქართული
  • English

სიახლეები

საპილოტე მუნიციპალიტეტებში ვიზიტები გრძელდება

საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაუმჯობესებისთვის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი, საერთაშორისო განათლების ცენტრთან ერთად მუშაობს. სამუშაოები მოიცავს ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო-დოკუმენტის დანერგვას, განათლების ამ საფეხურის გასაძლიერებლად მონაცემების ანგარიშგების სისტემის შექმნას, აღმზრდელთა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ განვითარებასა და შესრულებაზე დამოკიდებული მზარდი სახელფასო პოლიტიკის შემუშავებას, არსებული სასკოლო მზაობის პროგრამის გადახედვასა და გაუმჯობესებული სახით დანერგვის ხელშეწყობას. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმით გათვალისწინებული სიახლეები საპილოტე რეჟიმში ეტაპობრივად დაინერგება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ ექვს მუნიციპალიტეტში.

8-10 ოქტომბერს, I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი თამარ ჭყონია, საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის, ვანისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს ესტუმრა. შეხვედრები გაიმართა ქალაქების მერებთან, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორებთან და მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღების აღმზრდელებთან.

შეხვედრების მიზანს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მართვის სისტემისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების გაცნობა წარმოადგენდა.

ვიზიტები მიზნად ისახავდა ადგილობრივი კონტექსტის გაცნობას, მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესწავლას.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა მოინახულეს ზუგდიდის, ვანისა და ლანჩხუთის რამდენიმე საბავშვო ბაღი, გაეცნენ სასწავლო პროცესს, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და გაესაუბრნენ პერსონალს.

I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ აღნიშნა რომ, მუნიციპალიტეტების მაღალი ჩართულობა და ინოვაციების მიმართ მიმღებლობა განაპირობებს პროექტით დასახული მიზნების მიღწევას და გრძელვადიან პერსპექტივაში მათ საფუძვლიან დანერგვას. მისი განცხადებით, საბავშვო ბაღებში ვიზიტმა აჩვენა რომ, ადგილობრივი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მართვის სააგენტოებისა და გაერთიანებების ძალისხმევა, მუდმივად აისახება და ხელშესახებ პროგრესს უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები თანხვედრაშია მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებთან, როგორებიცაა საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარება, თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენება და თამაშზე დაფუძნებული პრაქტიკების დანერგვა, ასევე, კურიკულუმების ბავშვების საჭიროებებზე მორგება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სრული მზაობა გამოთქვეს I2Q პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების მხარდასაჭერად.

 

 

გალერეა