CIF საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში მეორე საგრანტო კონკურსი მიმდინარეობს.
კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსი გამოცხადებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, კერძოდ, „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ შემდეგი ფართო სფეროების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:
ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;
ბ) ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;
გ) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;
დ) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;
ე) განათლება;
ვ) ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა.
კონკურსის თემატიკა:
- სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინდუსტრიის/დამსაქმებლის საჭიროებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად, მათ შორის, საჯარო-კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობით, შექმნა/განვითარება/განხორციელება (ერთობლივი სწავლება/სტაჟირება ან/და სხვა ინიციატივები სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის, სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები);
- უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით, ერთობლივი აკადემიური ხარისხის (მათ შორის, ე.წ. „ორმაგი ხარისხის“) მინიჭების და/ან საერთაშორისო აკრედიტაციის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობა, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით.
2023 წლის 8 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო-საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დეტალურად გაეცნონ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურებს, შესავსებ დოკუმენტაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე, პასუხები მიიღონ საგრანტო კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ კითხვებზე.
შეხვედრა გაიმართება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების – Microsoft Teams მეშვეობით. იხილეთ ბმული (Meeting ID: 448 111 180 709 , Passcode: pyMUWF).
კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ საგრანტო პორტალზე.
საკონტაქტო ინფორმაცია: cif@iiq.gov.ge