• English
  • ქართული

სიახლეები

SDSURF-ის ექსპერტები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის ექსპერტების მომზადებას უზრუნველყოფენ

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სექტორში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერას აგრძელებენ. ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს დანერგვისა და შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმების განვითარების სამუშაოები I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს .

I2Q პროექტის ფარგლებში, ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტების მომზადება-გადამზადების მიზნით შერჩეული ტრენერები თბილისის 22-ე ბაღს 17 ნოემბერს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს საბავშვო ბაღში სანიტარია-ჰიგიენისა და კვების ორგანიზების საკითხების ადგილზე გაცნობა და შესწავლა წარმოადგენდა.

სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ და ტრენერებმა ბაღის დირექტორთან ერთად ადგილზე მიმოიხილეს სანიტარია-ჰიგიენისა და კვების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები და გამოწვევები, გაეცნენ HACCP სტანდარტების დანერგვის სამუშაოებს და პრაქტიკაში მის გამოყენებას.

ავტორიზაციის ექსპერტების მოსამზადებლად შერჩეულმა ტრენერებმა მოუსმინეს საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ექთანს, საგანანმანათლებლო და კვების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პერსონალს და მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა საკვების მიღება-შენახვის, მომზადების, მიწოდების, ნარჩენების გატანის, საკვების ნიმუშების აღებისა და შენახვის შესახებ, ასევე, თანამშრომლების პირადი ჰიგიენის დაცვის, ბავშვების ჰიგიენის დაცვის, ეპიდსიტუაციების მართვის და ბავშვებში ტემპერატურის მონიტორინგისა და მართვის შესახებ. ეს ინფორმაცია სამომავლოდ გათვალისწინებული იქნება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის სანიტარია-ჰიგიენისა და კვების უზრუნველყოფის ორგანიზების მიმართულებით ექსპერტების მოსამზადებელი მოდულების დახვეწისა და მიწოდების პროცესში.

გალერეა