ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები ჩატარდება
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდისა (SDSURF) და საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენლები I2Q პროექტის ოფისს 29 ნოემბერს ეწვივნენ. სტუმრებმა, თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კომპონენტის ხელმძღვანელთან ერთად, განიხილეს დაწესებულების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილი აქტივობების დღის წესრიგები და ლოგისტიკასთან დაკავშირებული საკითხები.
კერძოდ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის წარმატებით წარსამართად 2024 წლის თებერვალში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით დაგეგმილია ავტორიზაციის ექსპერტების მომზადება ოთხი მიმართულებით: კურიკულუმი, ხარისხი, სანიტარია-ჰიგიენა და კვების ორგანიზება. ოთხივე მიმართულების ტრენინგები პარალელურ რეჟიმში სამი დღის განმავლობაში ჩატარდება. სულ გადამზადდება ავტორიზაციის 80 ექსპერტი (თითოეულ მიმართულებაზე 20 ექსპერტი). ტრენინგებს სან დიეგოს უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის მიერ შერჩეული ადგილობრივი ექსპერტები და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ექსპერტი ჯონ ალმადორი (SDSU). ექსპერტი ჯონ ალმადორი ქართველ ტრენერებთან ერთად კურიკულუმის ექსპერტებისთვის ჩაატარებს სესიას მონტესორის, ვოლდორფის და რეჯიო ემილიას მეთოდების გამოყენებისა და მათი ლიცენზიის ქვეშ საქმიანობას შორის სხვაობებსა და მსგავსებების შესახებ. ღონისძიებას ზედამხედველობას გაუწევენ საერთაშორისო ექსპერტების გუნდის ლიდერი ნენსი ფრაი (SDSURF), პროფესორი დაგ ფიშერი (SDSURF), პროფესორი ჯიმ მარშალი (SDSURF).
სდსუ კვლევითი ფონდი აქტიურად მუშაობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მონაცემთა ანგარიშგების სისტემის განვითარებაზე, დამსახურებაზე დაფუძნებული და კვალიფიციური კადრების სისტემაში დარჩენის უზრუნველსაყოფად ანაზღაურების სისტემის შემუშავებაზე, წარმატებული სასკოლო მზაობის პროგრამის განვითარებაზე და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს დანერგვის ხელშეწყობაზე. ამ სამუშაოების პილოტირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ ექვს მუნიციპალიტეტში (დედოფლისწყარო, ახალქალაქი, ვანი, ლანჩხუთი, ზუგდიდი, გორი) იგეგმება. ამ მიზნით, 2024 წლის მარტიდან 6 თვის განმავლობაში ჩატარდება ტრენინგები და კონსულტაციები დაინტერესებული მხარეებისათვის პირისპირ და ონლაინ რეჟიმში.
პილოტირების ფარგლებში თითოეულ საპილოტე მუნიციპალიტეტთან სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია მათი პრიორიტეტები და მორგებულია მათ მოთხოვნებზე. პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, აღმზრდელები და აღმზრდელ-პედაგოგები, ასევე საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის პერსონალი თითოეულ მუნიციპალიტეტში 15 საბავშვო ბაღიდან გადამზადდებიან.