“International Excellence School“-ში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღება დაიწყო
I2Q პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა. დაგეგმილი აქტივობები თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების ეროვნულ სტრატეგიასთან და მიმართულია საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან პარტნიორობის დამყარებაზე, უნარებისა და კომპეტენციის გაძლიერებაზე, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაზე, შრომის ბაზართან კავშირების ხელშეწყობაზე, ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.
ამ მიმართულებით ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენს ე.წ. International Excellence School-ის ჩატარება, რაც მიზნად ისახავს ადრეული კარიერის მკვლევრებისა (მაგ. დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები და მკვლევრები დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან 5 წლის განმავლობაში) და აკადემიური პერსონალის მომზადებას კვლევის მართვისა და ინოვაციის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით. ძირითადი ამოცანაა, ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესება.
I2Q პროექტის ხანგრძლივობისას International Excellence School-ი 3-ჯერ ჩატარდება, რაც გააძლიერებს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების შესაძლებელობებს საგრანტო პროექტების შემუშავების (1), ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების (2), ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის (3) მიმართულებით.
პირველი ღონისძიება დაგეგმლია 2024 წლის 26-28 იანვარს და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს. პირველი International Excellence School-ის თემატიკა შეეხება განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით შემდეგ საკითხებს:
- საპროექტო შეთავაზებების შემუშავებას საგრანტო კონკურსებისათვის;
- საკონკურსო პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკებს;
- საკონკურსო პროექტების ფინანსურ ასპექტებს.
ღონისძიება ტარდება საერთაშორისო ტენდერით შერჩეული საკონსულტაციო კომპანიის – UCL Consultant (საკონსულტაციო კომპანია Savvy Business sLtd-სთან თანამშრომლობით) მომსახურების ფარგლებში. საქართველოში პირველი International Excellence School-ის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) თანადგომით.
მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა: 28 ნოემბერი, სამშაბათი, 16:00 საათი.
მონაწილეთა შერჩევა: 11 დეკემბერი, 2023
ღონისძიების ჩატარების დრო: 26-28 იანვარი, 2024 წ. (პარასკევი-კვირა)
ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, ბმულზე იხილოთ დეტალური ინფორმაცია პირველი International Excellence School-ისა და მასში მონაწილეობის პირობების შესახებ.