• ქართული
  • English

სიახლეები

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

I2Q პროექტის დანერგვის მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, პროექტის გუნდის წევრებთან ერთად თბილისის 132-ე საჯარო სკოლა მოინახულეს. 132-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 150 სკოლიდან, სადაც განახლებული და გაუმჯობესებული სასკოლო მზაობის პროგრამა საპილოტე რეჟიმში დაინერგება. ამ ეტაპზე სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ESIDA) ახორციელებს.

სასკოლო მზაობის 150 ჯგუფის გახსნა 2024 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. ახალი პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით, I2Q პროექტის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის მიერ გადამზადდებიან პედაგოგები და გაუმჯობესდება არსებული სასკოლო მზაობის პროგრამა, ხოლო I2Q პროექტი უზრუნველყოფს სასკოლო მზაობის ჯგუფების აღჭურვას შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსით, ავეჯითა და ტექნიკით.

სკოლების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭა ადგილებს, სადაც არ არის საბავშვო ბაღები, არსებული ბაღები გადატვირთულია, ან დაშორებულია საცხოვრებელი ადგილიდან. ასევე, უპირატესობა მიენიჭა მაღალმთიან დასახლებებს, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს და სკოლებს ბავშვთა მოსალოდნელი მზარდი ნაკადით.

გალერეა