• English
  • ქართული

სიახლეები

CIF-ის საგრანტო კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა  კონკრეტული მიმართულებების შემდგომი განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების/პროექტების განხორციელების მიზნით. ამავდროულად, CIF-ის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზაციას და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა.

მიმდინარე საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული თემებია:

  • უცხო  ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით, ერთობლივი აკადემიური ხარისხის (მათ შორის, ე.წ. „ორმაგი ხარისხის“) მინიჭების და/ან საერთაშორისო აკრედიტაციის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება;
  • შრომის ბაზრის საჭიროებებზე (მათ შორის – საქართველოს რეგიონების სპეციფიურ საჭიროებებზე) მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება (სმარტსპეციალიზაცია, მესამე მისია და სხვ.);
  • პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება;
  • ინდუსტრიასთან/კერძო სექტორთან თანამშრომლობის ხელშეწყობა (დამსაქმებლის საჭიროებაზე მორგებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება (ერთობლივი სწავლება/ სტაჟირება, კვლევები/სხვა ინიციატივები  სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის, სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები);
  • სამეწარმეო განათლების განმავითარებელი პროექტები/პროგრამები.

მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

ა) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (ერთი აპლიკანტი);

ბ) კონსორციუმს, რომელიც შედგება მინიმუმ ორი ან მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან (აქედან მინიმუმ ერთი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება), რომლებიც პროექტის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისაათვის გთხოვთ იხილოთ ბრძანება #1499544.

საკონკურსო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2022 წლის 30 ნოემბრიდან 2023 წლის 20 თებერვლის 23:59 საათამდე ვებ პორტალზე  www.grants.gov.ge.

აპლიკანტებმა უნდა იხელმძღვანელონ ვებ პორტალზე მოცემული საინფორმაციო და წარსადგენი დოკუმენტებით.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების წარმოდგენა შეგიძლიათ 2023 წლის 31 იანვრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: cif@iiq.gov.ge .